საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, 7 აპრილს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ფრაქციების წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს და პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და სხდომის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს წევრებს გამოსვლების თანმიმდევრობა გააცნო. ჩოგოშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ასეთი ორია, გათვალისწინებულია 5-5 წუთი, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი, უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე, როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, გათვალისწინებულია 10-10 წუთი. ამის შემდეგ, კი უმცირესობასა და უმრავლესობას დაეთმობა ცალ-ცალკე 45-45 წუთი, ხოლო ვიცესპიკერებს 10-10 წუთი. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისთვის რეგლამენტით 15 წუთია გათვალისწინებული. ჩუგოშვილის განმარტებით, აღნიშნული ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, რომ ყველამ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი მოსაზრება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტს მისი ყოველწლიური გამოსვლის ირგვლივ დებატების ფორმატი თავად შესთავაზა.