2016 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს. PMCG-ის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა პირველ (33.4%; 97.4 მლნ აშშ დოლარით) და მეოთხე (1.0%-ით; 3.2 მლნ აშშ დოლარით) კვარტლებში. ხოლო, მეორე და მესამე კვარტლებში დაფიქსირდა ინვესტიციების შემცირება, შესაბამისად 1.1% (5.0 მლნ აშშ დოლარი) და 3.0% (14.7 მლნ აშშ დოლარი).
PMCG-ის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს, უმსხვილეს ინვესტორთა ხუთეულს ქვეყნების მიხედვით წარმოადგენს: აზერბაიჯანი (მთლიანი ინვესტიციების 35.2%; 578 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (16.6%; 272 მლნ აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (7.3%; 120 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდები (5.8%; 95 მლნ აშშ დოლარი) და ჩეხეთი (5.7%; 93 მლნ აშშ დოლარი). 2015 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თურქეთიდან (275%; 199 მლნ აშშ დოლარით), ჩეხეთიდან (458%; 76 მლნ აშშ დოლარით), აშშ-დან (144%; 26 მლნ აშშ დოლარით) და აზერბაიჯანიდან (5.2%; 28 მლნ აშშ დოლარით). ხოლო, ინვესტიციები შემცირებულია გაერთინებული სამეფოდან (68.7%; 265 მლნ აშშ დოლარით), ნიდერლანდებიდან (38.6%; 60 მლნ აშშ დოლარით) და ლუქსემბურგიდან (25.8%; 27 მლნ აშშ დოლარით).
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა აზერბაიჯანიდან 2013 წლიდან ყოველწლიურად იზრდებოდა. აღნიშნული ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2014 წელს, როდესაც ინვესტიციების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თურქეთიდან 2016 წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილებით არ გამოირჩეოდა, თუმცა 2016 წელს დაფიქსირდა ინვესტიციების მკვეთრი ზრდა (4-ჯერ).
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ჩინეთიდან და რუსეთიდან, საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია, შესაბამისად 59.1% (39 მლნ აშშ დოლარით) და 51.4%-ით (23 მლნ აშშ დოლარით). ჩინეთიდან და რუსეთიდან ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა 2014 წელს დაფიქსირდა, თუმცა, 2015-16 წლებში ინვესტიციების მოცულობა შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.
2016 წელს ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით განსხვავდება 2015 წლის ინვესტიციების სტრუქტურისაგან. უმსხვილეს ხუთ სექტორს შორის აღარ არის ჯანდაცვა და სასტუმროები, რესტორნები. აღნიშნული სექტორები ჩაანაცვლა მშენებლობამ და დამამუშავებელმა მრეწველობამ.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა დამამუშავებელი მრეწველობის (79%; 53 მლნ აშშ დოლარი), ენერგეტიკის (64%; 79 მლნ აშშ დოლარი), მშენებლობის (48%; 53 მლნ აშშ დოლარი) და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10%; 60 მლნ აშშ დოლარი) სექტორებში, ხოლო შემცირებულია საფინანსო სექტორში (-24%; 43 მლნ აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მოცულობა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში 2013 წლიდან იზრდება და ეს ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდა. ამასთან, ენერგეტიკაში ინვესტიციები კვლავ გაიზარდა, 2014-15 წლებში შემცირების შემდეგ.
2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი წილი (78%; 1.2 მლრდ აშშ დოლარი) კვლავ თბილისშია კონცენტრირებული. ამავე პერიოდში გაზრდილია თბილისში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა (3%; 41 მლნ აშშ დოლარით). თბილისის შემდეგ, ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი რეგიონებია აჭარა (მთლიანი ინვესტიციების 10%), ქვემო ქართლი (5%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია (3%), ხოლო ნაკლებად მიმზიდველია შიდა ქართლი (0.04%).
2016 წელს ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია ქვემო ქართლში (265%; 56 მლნ აშშ დოლარით), სამცხე-ჯავახეთში (79%; 22 მლნ აშშ დოლარით), შიდა ქართლში (16 მლნ აშშ დოლარით), სამეგრელო-ზემო სვანეთში და გურიაში (6%; 2 მლნ აშშ დოლარით) და იმერეთში (3%; 0.9 მლნ აშშ დოლარით), ხოლო მნიშვნელოვნად შემცირებულია კახეთსა (-94%; 15 მლნ აშშ დოლარით) და აჭარაში (-21%; 43 მლნ აშშ დოლარით).
2013 წლიდან აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა 2016 წელს დაფიქსირდა შემცირება. ქვემო ქართლში კი ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვანი მერყეობით ხასიათდებოდა. თუმცა, 2016 წელს ინვესტიციები ქვემო ქართლში გაზრდილია.