ესპანეთის მინისტრთა საბჭო დასთანხმდა თბილისის წინადადებას გამოაგზავნოს საქართველოში "კანონიერი ქურდი" ზაქარია (შაქრო) კალაშოვი, ზედმეტსახელად "შაქრო-მოლოდოი". ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო " Europa Press "-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, იმის შიშით, რომ შაქრო კალაშოვი არ გაქცეულიყო, ესპანელმა მოსამართლემ ექსტრადაციის პროცესის დასრულებამდე იგი ციხეში გაანაწილა. ესპანეთში "კანონიერი ქურდის" ექსტრადაციის შესახებ პროცესი უკვე დაწყებულია.
ესპანეთის მინისტრთა საბჭომ მოიწონა იუსტიციის მინისტრის ფრანსისკო კაამანიოს წინადადება, საქართველოს ხელისუფლების შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისა და ადამიანთა გატაცებებში, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი კალაშოვის მათთვის გადაცემის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით, კალაშოვის საქმე ქართულ მხარეს გადაეცემა და მადრიდის წარმოებიდან გამოვა, იმ პირობით, რომ კალაშოვს კავკასიაში ხელახლა გაასამართლებენ.
თუმცა, ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ მინისტრების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უნდა მოიწონოს ნაციონალურმა სასამართლო კოლეგიამ, რომელიც ექსტრადაციის პირობებს განსაზღვრავს. თბილისისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქმე კვლავ მინისტრთა საბჭოს დაუბრუნდება, რომელიც თავის მხრივ გადაცემის თარიღს განსაზღვრავს.
ამჟამად "შაქრო-მოლოდოი" ციხეში იმყოფება, თუმცა აღნიშნული სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, რომ მას სასჯელის მოხდა ესპანეთის ციხეში ნამდვილად არ მოუწევს. მათივე პროგნოზით ექსტრადაციის პროცესი არ გაიწელება. ესპანური კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც მისთვის მისჯილი ვადის სამი მეოთხედი უკვე მოიხადა ექსტრადაცია ეკუთვნის ანუ სწორედ ის რასაც თბილისი მოითხოვს.
კალაშოვმა მისთვის მისჯილი შვიდი წლიდან ციხეში ოთხი უკვე გაატარა. ესპანელი მოსამართლე ასევე აცხადებს, რომ საქართველოში კალაშოვს უფრო მკაცრი შურისძიება ელოდება ვიდრე ესპანეთში. ესპანელი გამომძიებელი კი აცხადებს, რომ იმის გამო, რომ კალაშოვმა კარგად იცის, რომ მას საქართველოში შესაძლოა 18 წელი მიუსაჯონ, მისი გაქცევის ალბათობა მაღალია.
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად არის კონკრეტულად ამჟამად კალაშოვი მედია არ ახმაურებს.