ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ასკარ აკაევი აცხადებს, რომ საქართველოში "ყირგიზული სცენარის" გამეორებას არ გამორიცხავს. ეს განცხადება აკაევმა დღეს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს შორის გამართული ვიდეოხიდის დროს გააკეთა.
მისი თქმით, არც ერთმა "ფერადმა რევოლუციამ", არც ერთ ქვეყანას სადაც კი იგი მოხდა, კარგი არაფერი მოუტანა. მისი თქმით, "ფერად რევოლუციებს" ნეგატიური შედეგები მოაქვს.
"თავის დროზე, ყირგიზეთში "ტიტების რევოლუცია" ყირგიზეთში აშშ-ის ელჩის მხარდაჭერით მზადდებოდა. მაგალითად, უკრაინაში ამ "ფერადი რევოლუციის" ნეგატიური შედეგის გამოვლენის შესაძლებლობა ამჟამად გადალახულია, რასაც ვერ ვიტყვი სხვა ქვეყნებზე, სადაც ასევე "ფერადი რევოლუციები" მოხდა. არ ვარ დაწმუნებული, რომ სხვა ქვეყნებში, სადაც ამგვარი "გადატრიალებები" მოხდა, "ყირგიზული სცენარის" განმეორების შესაძლებლობა ნულამდეა დაყვანილი", _ განაცხადა აკაევმა და საუბარი კონკრეტულად საქართველოზე გააგრძელა.
აკაევი აცხადებს, რომ "ვარდების რევოლუციამ", შესაძლოა, საქართველო ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს.
"რა მისცა საქართველოს ვარდების რევოლუციამ? არ გამოვრიცხავ, რომ "ფერადი რევოლუციის" ვირუსი საქართველოში ფატალურ რეციდივამდე მივიდეს. მიმაჩნია, რომ თავად "ფერადი რევოლუციის" ტექნოლოგიაში დამანგრეველი ბაცილა არის. ეს არაფრით არ ებმის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების კონსტიტუციურ ნორმას. სწორედ ეს ფატალური გამოძახილი იყო ყირგიზეთში", _ განაცხადა აკაევმა და დასძინა, რომ საქართველოს "უკრაინული სცენარის" გამეორებას უსურვებს.
აკაევი ეთანხმება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყირგიზეთში მომხდარი არეულობა ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის მიერაა ორგანიზებული.
აკაევმა განაცხადა, რომ პირადად მას ურეკავდნენ ახლობლები ოშიდან და აუწყებდნენ იმის შესახებ, რომ ბაკიევის ოჯახის წარმომადგენლები ახალგაზრდობას ფულს ურიგებდნენ, რათა ისინი ქუჩებში გამოევანათ და არეულობა მოეწყოთ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი სიტუაცია ყირგიზეთში კვლავ გასცდება ნორმის ფარგლებს, რესპუბლიკაში კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ძალების შეყვანა, უბრალოდ, აუცილებელი იქნება.