24-26 თებერვალს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვევა. კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, დელეგაცია საქართველოს პარლამენტს 25 თებერვალს ესტუმრება.
დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და პიტერ როსკამი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან. კონგრესმენები შეხვედრას, ასევე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთან გამართავენ.
კონგრესმენები ქართველ დეპუტატებთან საკანონმდებლო საქმიანობას, მიმდინარე საკითხებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
კონგრესმენები, მეუღლეებთან ერთად, პარლამენტის თბილისის სასახლეს დაათვალიერებენ და შენობის ისტორიას გაეცნობიან.
დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან.