ჩეჩნეთს გროზნოსა და თბილისს შორის ფრენების დაწყება სურს.
როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) განმარტავენ, ამ საკითხზე არც თურქეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და არც Turkish Airlines-თან კომუნიკაცია არ ყოფილა.
«საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად ასეთი სახის (სავარაუდოდ ე.წ. მე-5 ჰაერის თავისუფლების,) ფრენებზე ნებართვის გაცემა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების დამატებით შეთანხმების საგანია. ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით არც თურქეთის საავიაციო ხელისუფლებას და არც Turkish Airlines-ს სააგენტოსთვის არ მოუმართავს”, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
შეგახსნებთ, რომ რუსული გამოცემა zvestia.ru გროზნოს აეროპორტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ გროზნოსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებს შორის ფრენების დაწყებაზე შეთანხმება მიღწეულია. გამოცემა ფრენების დაწყების თარიღად მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისს ასახელებს. აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 2 რეისის განხორციელება იგეგმება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძველი სამარშუტო ქსელი გროზნო-თბილისის აღვადგინოთ. გადამყვანი კი ამ მიმართულებაზე შესაძლოა გახდეს თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი. ვფიქრობთ, ფრენები მარტის ბოლოს, ან აპრილში დაიწყება. შემდგომ კი შესაძლოა ეს მარშრუტი სტამბულამდეც გაგრძელდეს, თბილისის გავლით“, – აცხადებენ გროზნოს აეროპორტში.
როგორც zvestia.ru-ს სტატიაშია აღნიშნული, ფრენები ორ ქვეყანას შორის სამთავრობათაშორისო შეთანხმებით რეგულირდება და ამიტომ ასეთი საკითხები სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს.
უფრო მეტიც, რუსეთში ამ დრომდე არ იყო პრეცედენტი, რომ მხარეებს შორის ფრენების ნებართვა გაცემულიყო არა ეროვნულ ავიაგადამზიდავზე, არამედ მესამე მხარეზე. როსავიაციაში აღნიშნულ გეგმაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.
გროზნოს აეროპორტში კი მიიჩნევენ, რომ თბილისი-გროზნოს მარშრუტით ტურისტები დაინტერესდებიან და მოთხოვნაც მაღალი იქნება, რადგანაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ.
საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ფედერაციაში შესვლა კი ვიზას საჭიროებს.