ჩეჩნეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს. როგორც რუსული გამოცემა zvestia.ru გროზნოს აეროპორტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, გროზნოსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებს შორის ფრენების დაწყებაზე შეთანხმება მიღწეულია. გამოცემა ფრენების დაწყების თარიღად მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისს ასახელებს. აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 2 რეისის განხორციელება იგეგმება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძველი სამარშუტო ქსელი გროზნო-თბილსის აღვადგინოთ. გადამყვანი კი ამ მიმართულებაზე შესაძლოა გახდეს თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი. ვფიქრობთ რომ ფრენები მარტის ბოლოს, ან აპრილში დაიწყება. შემდგომ კი შესაძლოა ეს მარშრუტი სტამბულამდეც გაგრძელდეს, თბილისის გავლით“, აცხადებენ გროზნოს აეროპორტში.
როგორც zvestia.ru-ს სტატიაშია აღნიშნული, ფრენები ორ ქვეყანას შორის სამთავრობათაშორისო შეთანხმებით რეგულირდება და ამიტომ ასეთი საკითხები სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს.
უფრო მეტიც, რუსეთში ამ დრომდე არ იყო პრეცედენტი, რომ მხარეებს შორის ფრენების ნებართვა გაცემულიყო არა ეროვნულ ავიაგადამზიდავზე, არამედ მესამე მხარეზე. როსავიაციაში აღნიშნულ გეგმაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.
გროზნოს აეროპორტში კი მიიჩნევენ, რომ თბილისი-გროზნოს მარშრუტით ტურისტები დაინტერესდებიან და მოთხოვნაც მაღალი იქნება, რადგანაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ.
საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ფედერაციაში შესვლა კი ვიზას საჭიროებს.