„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რაც მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მზად არის, პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში სრული თანადგომა გაუწიოს ამ პროექტს,
"მინდა, მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნას საწარმო საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში, სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რამდენიმე დღის წინ დიზაინერმა სოციალურ ქსელში „აეროსმიტის“ კონცერტისთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფა გააპროტესტა. "5 მილიონს ვიხდით „აეროსმიტში“. 2,5 მომეცით და წარმოებას გავაკეთებ და დავასაქმებ ხალხს. ექსპორტზე გავიტან პროდუქციას და ჩინურ-თურქულ პროდუქციას ნელ-ნელა ადგილობრივით ჩავანაცვლებ", - წერდა ზვიად ციკოლია.
ამის შემდეგ მასსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას შორის საუბარი შედგა.
უწყების ინფორმაციით, გიორგი გახარია ცნობილ დიზაინერს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარმოების დაწყებაზე ესაუბრა. საწარმოს შექმნიდან პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიზაინერს საწარმოს გახსნა სურს, რომელიც პლასტმასის წარმოებით იქნება დაკავებული. სამომავლოდ საწარმოში, ზვიად ციკოლია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასაც აპირებს.