15 აპრილიდან უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.
უკრაინული მედია ავიაკომპანიის კომერციულ დირექტორზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი-ბათუმის რეისები კვირაში 2-ჯერ განხორციელდება. ხოლო ივნისიდან, ანუ როცა აჭარაში ტურისტული სეზონი გახსნილად გამოცხადდება, YanAir-ი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.
ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო და ბილეთის მინიმალური ღირებულება (ორი გზა) 215 დოლარი იქნება. რეისები კიევიდან საერთაშორისო აეროპორტ „კიევიდან“ განხორციელდება.
ბათუმის მიმართულებით YanAir-ი რეისების განხორციელებას დაიწყებს ასევე ოდესიდანაც. აღნიშნულ მიმართულებაზე კომპანია ფრენებს 3 ივნისიდან განაახლებს და კვირაში 2 რეისს შეასრულებს. ოდესა-ბათუმის მიმართულებაზე ბილეთის ღირებულება (ორი გზა) 170 დოლარიდან იქნება.
2016 წელს YanAir-ი კიევიდან და ოდესიდან ბათუმის მიმართულებით 37 ათას მგზავრს მოემსახურა.