მიუხედავად ხელისუფლებისგან ზეწოლისა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე 500 000 გულმხურვალე მხარდამჭერი მივიდა საარჩევნო უბნებზე და შემოხაზა ნომერი - 5, - განაცხადა ენმ-ის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პეტრე ცისკარიშვილმა. მისივე თქმით, ენმ ვერ შეეგუება იდეას, რომ საქართველო პატარა სოფელია და ყელში არავის უნდა გაეჩხიროს.
,,თითოეული ჩვენგანი მოწადინებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნით ვამაყობდეთ. ჩვენ თავაწეულები უნდა დავდიოდეთ ჩვენს რეგიონში და ნებისმიერ კონტინენტზე. სიტყვები - „მე საქართველოდან ვარ“ საამაყო უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო გავერთიანდით ჩვენ. ამიტომ როდესაც დაისვა მთავარი შეკითხვა - ვინ არის, ან რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ გაეცით ამას მკაფიო პასუხი და თქვით მთავარი სათქმელი - „ნაციონალური მოძრაობა“ ეს მე ვარ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ენმ - მ ფართოდ უნდა გააღოს კარები და ახალი ადამიანები მიიწვიოს.
,,ჩვენი დები და ძმები, ვისაც უნდათ ეკონომიკურად განვითარებული საქართველო, ზრუნავენ თავიანთი შვილების მომავალზე და წარმოუდგენელია, ისინიც არ ემხრობოდნენ მთავარ იდეალებს. ამ ფართოდ გაღებულ კარებში უნდა მოვიწვიოთ და მოვიპატიჟოთ ახალი ადამიანები, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ძლიერი გახდეს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.