ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს 2 თებერვალს უყრის. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო პროცედურები შეუფერხებლად, მაქსიმალურად ოპერატიულად მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, დღეს 12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტში (LIBE) კენჭი ეყარა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს და დამტკიცდა შესაბამისი რეგულაციის საბოლოო ტექსტი. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მხარდაჭერის შემდეგ, რეგულაცია ევროკავშირის საბჭოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, რის შემდეგაც ევროკავშირის საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 2-მა დეპუტატმა ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ მისცა ხმა, 1 კი კენჭისყრას არ დაესწრო.