სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა, სადაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის უნდა ეყარათ კენჭი, კვორუმის უქონლობის გამო ვერ შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტიება შემდეგი სხდომა 22 იანვარს, იანვრის საპარლამენტო სესიამდე ჩაინიშნოს.
„კომიტეტის კვორუმს ერთი დეპუტატი დააკლდა. წესების თანახმად კენჭისყრაში მხოლოდ ის დეპუტატები მონაწილეობენ, ვინც ესწრებოდა კანდიდატების განხილვას და ინტერვიუებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელიც პარიზში ვიზიტით იმყოფება.
ენმ-ის წევრამა ჩიორა თაქთაქიშვილმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარიზში ევროსაბჭოს კომიტეტში კიდევ ერთხელ არ დაამტკიცეს წულუკიანის და ბესელიას წარდგენილი მოსამართლეების სია სტრასბურგის სასამართლოსთვის. ,,გახსოვთ, თქვეს, კომიტეტის შემდეგი სხდომა 12 იანვარს დაამტკიცებსო. ახლა დასრულდა სხდომა და ისევ შემდეგი სხდომისთვის გადაუდეს” - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
გასული წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან - ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი - გასაუბრებები გაიმართა, თუმცა კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.