ებრძოლო ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და ყველა სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში, ნიშნავს იყო თავზე ხელაღებული, - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შემდეგ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა.
”არ მიყვარს მიკიბ-მოკიბული საუბარი, ეს ერთი კვირა რასაც ვაკვირდებოდი, ძალიან მძიმე სურათი დამხვდა და თუ რამე შანსი იყო, რომ პარტიის ერთიანობა შენარჩუნებულიყო, მე მაქსიმუმს დავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ეს პარტია გადარჩენილიყო. ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს, ის იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი. ეს პარტია შექმნა ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა, იმიტომ, რომ დღეს ებრძოლო ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და ყველა სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში, ნიშნავს იყო თავზე ხელაღებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა, მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს.
”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრები საქმიანობას ”ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა. აღნიშნულ პარტიას კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი გააჩნია, ის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, ცესკოში ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი და კანონით განსაზღვრული ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობს, რაც ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტებს ეკუთვნის.
პარტია “ევროპული საქართველოს“ დამფუძნებელი და ამჟამინდელი თავმჯდომარე ნუგზარ წერეთელია. ის “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის გიგი წერეთლის მამაა.