ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. პარტიის ცენტრალურ ოფისში განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ჯგუფი არის პარტიის სახე და ხერხემალი.
,,დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა. თქვენ ხედავთ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდა პარტიას, რომლებმაც იბრძოლეს წლების განმავლობაში და რომელთა დამსახურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არსებობს როგორც პარტია. ეს ხალხი სახე და ხერხემალია პარტიის და არასწორია შეფასებები, რომლებიც ისმის ბოლო დღეების განმავლობაში. ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრები საქმიანობას ”ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა. პარტია 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა დატოვა.