სესხების გალარების პროგრამას ეკონომიკის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ გალარება საქართველოს მოქალაქეების ფინანსური რისკების შემცირებაზეა ორიენტირებული.
ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, გალარების პროგრამით მოქალაქეებისთვის ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგები შესუსტდება და, აქედან გამომდინარე, ეს იქნება ფინანსური სტაბილიზაციისთვის პოზიტიური შედეგის მომტანი.
„აღნიშნული ფინანსური ტვირთის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ მოქალაქეების უმრავლესობას დოლარში აქვს სესხი. გალარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეებზე ფინანსური დანაკარგების რისკის შემცირებას. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი სურვილის შემთხვევაში დოლარში ნომინირებული იპოთეკური სესხები ლარში გადაიტანონ“, – განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას ექსპერტმა.
მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ მთლიან გეგმაში, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უკავშირდება. ასევე დადებითად აფასებს როგორც სესხების გალარებას, ისე ლარიზაციის მასშტაბურ პროგრამას ფინანსური ექსპერტი ლევან ქისტაური. მისი განცხადებით, გალარება არის სწორი ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის ლარიზაციის გზაზე.
„მაღალი დოლარიზაცია პრობლემებს ორი მიმართულებით ქმნის. ჯერ ერთი, მაღალი დოლარიზაციის შემთხვევაში სახელმწიფოს, მათ შორის, ეროვნული ბანკის ზემოქმედება ეკონომიკაზე შეზღუდულია. მაღალი დოლარიზაციის შემთხვევაში, მისი ეფექტურობა გაცილებით ნაკლებია. ასეთ დროს, ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის გაცილებით მაღალი რისკებია გარე შოკების ზემოქმედების შემთხვევაში. ეკონომიკა არის დაუცველი. ამდენად, ვემხრობი, რომ ლარიზაციის მიმართულებით სახელმწიფომ ღონისძიებები გაატაროს“, - განაცხადა ლევან ქისტაურმა.