საბანკო ასოციაცია მთლიანად მხარს უჭერს სესხების გალარების სამთავრობო პროგრამას. აღნიშნული შეამცირებს ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას, თავად მსესხებლებს კი მოუხსნის სავალუტო რისკს, - აღნიშნულის შესახებ განცხადება “ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ გააკეთა.
„მე ვურჩევდი ფიზიკურ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხება ეს აქცია, დაელოდონ შეტყობინებას ბანკიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 5 დღის მანძილზე არ მოხდა თქვენთან, როგორც პოტენციურ კლიენტთან კომუნიკაცია და თქვენ თვლით, რომ ეს პროგრამა თქვენ გეხებათ, მიმართეთ სესხის გამცემ კომერციულ ბანკს,“ - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება ანუ სესხის გადატანა სხვა ბანკში, თუ ბუნებრივია სხვა ბანკი მსესხებელს უკეთეს პირობებს შესთავაზებს, სუბსიდიის ნაწილში ამ კატეგორიის მსესხებლები ასევე არ გადაიხდიან კონვერტაციის დროს რაიმე დამატებით ხარჯებს. გალარების პროგრამა დაიწყება 17 იანვრიდან. ბანკები 5 დღის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება.