ბულვარის ახალმა ხელმძღვანელმა ზღვისპირა პარკში არსებული მდგომარეობის შესწავლა დღეს დილიდან დაიწყო. სამსახურის უფროსებთან ერთად ეთერ მაჭუტაძემ ახალი ბულვარის მთლიანი პერიმეტრი დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
„პირველივე სამუშაო დღიდან ჩემი მთავარი პრიორიტეტი ახალი ბულვარის მოწესრიგება და იქ არსებული პრობლემების უმოკლეს დროში აღმოფხვრაა. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება ინფრასტუქტურა, საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა სასაწყობე მეურნეობა. ტურისტული სეზონზე მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს ახალი ბულვარის ტერიტორია კულტურული ღონისძიებებით, რათა როგორც ძველი, ასევე ახალი ბულვარი კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ როგორც უცხოელი ასევე ქართველი ვიზიტორებისთვის“- განაცხადა ეთერ მაჭუტაძემ.
ახალმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან ძველი ბულვარის კონსერვაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. „ უახლოეს პერიოდში იგეგმება ბულვარის კონსერვაცია, არსებული იერსახის შენარჩუნებით საზოგადოებისა და არასამთავრობოების ჩათულობით, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია ძველი ბულვარისთვის, ასევე განვითარების გეგმა შემუშავდება, მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების სკვერები და განახლდება საპლაჟო ინფრასტრუქტურა. ტურისტული სეზონზე ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე დახვდებათ აქ მოსულ სტუმრებს“ -აღნიშნა ეთერ მაჭუტაძემ.
ახალმა დირექტორმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულვარის აგრონომებთან და გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან, მათ წარმატებები უსურვეს ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში.