არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
,,როდესაც ადამიანები ერთმენთს გამარჯობას არ ეუბნებიან, ნიშნავს რომ ფუნდამენტური პრობლემებია. პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად, აღარ არის. არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია. სამწუხაროდ, ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას და ის, რომ ჩვენმა თანამოზარეებმა ახალი პარტია გავაკეთოთ რთული წარმოსადგენია და არ არის ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც შეუძლებელია წინსვლა და პროგრესი, მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, სად დარჩები - აირჩევ პროგრესს, თავისუფლებას, თუ გადაეშვები „ნაციონალურ“, პოპულისტურ დემაგოგიაში, რომელიც საზოგადოებას არაფერს მოუტანს“, - განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული ფრთა პარტიას რამდენიმე დღეში დატოვებს, უგულავას თქმით, მელიამ თავის კარიერულ წინსვლას უნდა მიხედოს და პრესმდივნობა სხვებს გადააბაროს.