რამდენიმე დღეში ეს ჯგუფი, რომელიც დღეს არის პარტიის მმართველობაში, დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ „იმედის“ ეთერში საუბრისას. მისი თქმით, დაპირისპირებულმა ჯგუფმა ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როდესაც გადაწყდა, რომ პარტია ყრილობას 7000 დელეგატის მონაწილეობით ჩაატარებს.
,,გარკვეული ჯგუფი აპირებს პარტიის რიგების დატოვებას, ეს იყო ჩემთვის წყალგამყოფი. ჯერჯერობით არავის ღიად და თამამად არ უთქვამს, რომ აპირებენ პარტიის რიგების დატოვებას, მაგრამ მე ვიცი, რომ მათ ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ. მთავარი დღე, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იყო, როდესაც გადაწყდა, რომ ყრილობა ჩატარდებოდა 7 000 დელეგატის მონაწილეობით. ამის შემდეგ 5-6 დღე იყო გასული. მე გამიჩნდა ეჭვი იმ ჯგუფის გეგმებთან დაკავშირებით. მე პირდაპირ დავსვი კითხვები, მივიღე არადამაჯერებელი პასუხები, მაგრამ ბოლოს ამ განზრახვაში დავრწმუნდი. რამდენიმე დღეში ეს ჯგუფი, რომელიც დღეს არის პარტიის მმართველობაში, დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ დატოვებს არა იმიტომ, რომ მათ ეს უნდოდათ, არამედ იმიტომ, რომ ყრილობაზე, რომელიც 20 იანვარს ჩატარდება, ისინი ვერ იქნებიან წარმოდგენილები, როგორც ძლიერები და მათი წინადადებები ვერ გავა ყრილობაზე“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
გუშინ, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ფრაქციის სამუშაო ოთახში ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. თანაპარტიელები ერთმანეთს პარტიის დაშლაში ადანაშაულებენ.