აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი სულხან ღლონტი დეპარტამენტის თანამშრომლებს წარუდგინა.
,,დღეს მე მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ სულხან ღლონტი, პროფესიონალი ადამიანი, ეფექტური მენეჯერი, რომელმაც განათლება და დიდი გამოცდილება მიიღო როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ. მისი ენერგია, მისი ცოდნა ძალიან წაადგება ამ სფეროს. დარწმუნებული ვარ, იგი ყველაფერს გააკეთებს ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების განვითარებისათვის“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ დეპარტამენტის ახალი უფროსის წარდგენისას.
სულხან ღლონტმა 2003 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც გააგრძელა სწავლა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
2004-2005 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, საპრეზიდენტო საბჭოს წევრი; 2006-2009 წლებში იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტში; 2012-2014 წლებში მუშაობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში თავმჯდომარის მოადგილედ; 2014-2015 წლებში მუშაობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ; 2012-2016 იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 2014-2016 იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „დემოკრატიული აჭარას“ თავმჯდომარე.
პროფესიული განვითარების მიზნით სულხან ღლონტი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაში: ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტი/დონალდ რამსფელდის ფონდი ცენტრალური აზიისა და კავკასიის სკოლა (ვაშინგტონი, აშშ); ევროკავშირის ვიზიტორთა პროგრამა (ბრიუსელი, ბელგია);
ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერთა სასწავლო პროგრამა (ვაშინგტონი, აშშ);
პოლიტიკური პარტიის ლიდერთა კურსი (თბილისი, საქართველო); აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და სტრატეგიისა და განვითარების ფონდი; ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერთა სკოლა (ბელგრადი, სერბეთი).