ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ფრაქციის სამუშაო ოთახში ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. თანაპარტიელები ერთმანეთს პარტიის დაშლაში ადანაშაულებენ.
კერძოდ, ნიკა მელიამ სერგო რატიანსა და აკაკი ბობოხიძეს განუცხადა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილთან არიან გარიგებული და ბავშვებივით უჯერებენ გიგა ბოკერიას.
ბობოხიძემ მელიას მიმართა, რომ მას, ერთი აგური არ დაუდია პარტიის მშენებლობის საქმეში და ახლა მისი წვალებით შექმნილ პარტიას შლის.
სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელიას შემცვლელებად, ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კანდიდატურები განიხილება. ასევე, კულუარული ინფორმაციით, ნიკა მელია დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის, რომელშიც სავარაუდოდ, 8 დეპუტატი გაერთიანდება.