დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ”მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე ითქვა, რომ მაჟორიტართა ბიუროების რაოდენობის 73-დან 95-მდე ზრდა, მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევის წესის შეცვლამ განაპირობა.
”ქვეყნის მასშტაბით 73 ბიურო ფუნქციონირებდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა საარჩევნო სისტემა, სავალდებულო წესით საჭირო გახდა ბიუროების რაოდენობის გაზრდა ანუ თითო მაჟორიტარზე იყო ერთი ბიურო, გარდა ამისა იმ რაიონებში, სადაც არ აირჩევა ცალკე მაჟორიტარი, საჭირო გახდა ბიუროების შენარჩუნება. ასეთი შემთხვევა გვაქვს 22 რაიონში და ნაცვალად არსებული 73 ბიუროს, იფუნქციონირებს 95 ბიურო. წინა დებულების თანახმად, თითოზე გათვალისწინებული იყო 5 ათასი ლარი თვეში. ჩვენ გადავწყვიტეთ არ გაგვეზარდა ადმინისტრაციული ხარჯები და იმ ბიუჯეტის ფარგლებში დავრჩენილიყავით, რომელიც წინა დებულებით იყო განსაზღვრული. ამან ცალკეული ბიუროების ხარჯის შემცირება გამოიწვია, თუმცა ვფიქრობ, რომ სამართლიანი ფორმულა არის შემოთავაზებული, როდესაც ვრჩებით იგივე ბიუჯეტზე, რომელიც გვქონდა წინა წლების განმავლობაში და ახალი ცვლილებებით ეს თანხები სამართლიანად გადანაწილდა მაჟორიტარ დეპუტატებსა და ბიუროებს შორის“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.