ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს - ბაკურიანი, გუდაური - ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები წყალმომარაგების სისტემები, ატრაქციები, რომლებიც ამ კურორტებზე ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და მათ გარშემო ძალიან დიდი რადიუსით, იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, კურორტების ახალი დატვირთა ქვეყანაში ახალი შემოსავლების გაჩენასა და ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„ეს არის ახალი შემოსავლები ქვეყანაში და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვისაც. ასევე, ვავითარებთ ახალ კურორტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის თეთნულდი და გოდერძის კურორტი, ასევე სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 2017 წელს დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის და ზესტაფონი-ქუთაისის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა.
„2017 წელს დაიწყება სამუშაოები შემდეგ ძირითად მონაკვეთებზე - ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი, სამტრედია–გრიგოლეთი, ბათუმის შემოვლითი, ხულო-ზარზმა, ბაღდათი-აბასთუმანი, ზემო იმერეთი-რაჭა, თუშეთის და ხევსურეთის გზები; დევდორაკის გვირაბი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.