ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების ზრდას არ გამორიცხავენ. სემეკის ხელმძღვანელს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით კითხვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენმ-ს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაუსვა.
ირინა მილორავას განცხადებით, ყველა მომდევნო დღე ამ კვირაში და მომდევნო კვირაში არის ტარიფების სხდომა.
,,ვიდრე ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვიღებთ გადაწყვეტილებებს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტორსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა გვაქვს ”სახელმწიფო ელექტროსისტემის” ნაწილში, ასევე ზრდა არის ”ენერგოტრანსის” ნაწილში. გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფების ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც ”სახელმწიფო ელექტროსისტემას” აქვს. ხვალინდელ სხდომაზე უკვე ვიხილავთ თბოელექტროსადგურების ტარიფს, შემდეგ მოხდება ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება ამ მხრივ არასწორი იქნება”, - განმარტა ირინა მილორავამ. და დასძინა, რომ რა თქმა უნდა სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს.