„მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები, მათ შორის მოგების გადასახადის გადახდის ესტონურ მოდელზე გადასვლა კერძო სექტორს გაააქტიურებს, აღნიშნულის შესახებ განცხადებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აკეთებს. რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მოახდენს აკუმულირებული თანხების რეინვესტირების სტიმულირებას, რაც სამომავლოდ ინვესტიციების მოცულობას გაზრდის.
„ჩვენი პრიორიტეტია ინვესტირების პროცესი იყოს მზარდი, დინამიური და მდგრადი. აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ აჭარის რეგიონის პოტენციალი კიდევ უფრო ეფექტურად წარმოვაჩინოთ და ციფრებიც მეტყველებს, რომ რეგიონისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. უცხოეთის ბიზნეს ფორუმები და აჭარაში ახალი საინვესტიციო ტერიტორიების დაგეგმარება, საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს“, აცხადებს აჭარის მინისტრთა კაბინეტის ნომერ პირველი ფინანსისტი.