აჭარა მაღალპროდუქტიული ჯიშის ნიორის წარმოების პროგრამას მომავალ წელსაც გააგრძელებს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის დარგის 2017 წლის პირორიტეტებზე საუბრისას აღნიშნა, გასულ წელს წარმატებით განხორციელდა მაღალპროდუქტიული ჯიშის ნიორის წარმოება, რომლის შედეგად ერთ ჰექტარზე ნაცვლად ტრადიციული 4-5 ტონის მოსავლიანობისა, მოწეული იქნა 11 ტონამდე ნიორი, რომელიც ექსპორტირებული იქნა ჰოლანდიაში, რუმინეთსა და უკრაინაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი პროგრამის განხორციელება იგეგმება 2017 და შემდგომ წლებში.
„მომავალ წელს გაგრძელდება ასევე ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფა მედეგი და მაღალმოსავლიანი ჯიშის კარტოფილის სარგავი მასალით.
მიღებულია გადაწყვეტილება და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტში ერთიან სივრცეში ცოცხალი პირუტყვის ბაზრობისა და ვეტერინარული კლინიკის მოწყობის მიზნით.
ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე მაღალტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობები აშენდება, რომლებიც სარგებლობაში გადაეცემა ფერმერებსა და აგრომეწარმეებს. მათ ასევე გაეწევათ ტექნიკური მხარდაჭერა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აკვაკულტურების განვითარება. ამ მიმართულებით სამინისტრო საჭიროებათა კვლევების საფუძველზე 2017 წელს შეიმუშავებს ცალკე სტრატეგიულ გეგმას, რომლის შესაბამისად დაიგეგმება და განხორციელდება კომპლექსური ღონისძიებები დარგის განვითარებისათვის.
ამრიგად, აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება სოფლის და მთის განვითარების ერთ-ერთი საიმედო საფუძველია, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობას“, აღნიშნა პატარაძემ.