2017 წელს აჭარაში ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემა შეიქმნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია და ფერმერების შემოსავლების ზრდა ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.
„ამ მიმართულებით, 2017 წლის პროგრამის ფარგლებში რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისათვის შეიქმნება ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ალტერნატიული სისტემა. კერძოდ, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებები, ე.წ ლოგისტიკური ცენტრები, რომლებიც აღიჭურვება შესაბამისი შენობა-ნაგებობებით და სამაცივრე მეურნეობებით. ცენტრები უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას. შედეგად, ფერმერის შემოსავალი პირდაპირ იქნება მიბმული პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასთან, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საშუამავლო თუ სხვა ხარჯებს და გაზრდის ფერმერების შემოსავალს“, აცხადებს პატარაძე.