საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 17-18 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი გამოფენა-გაყიდვა, „სტარტაპ ექსპო 2016“ გაიმართება.
აღნიშნული ღონისძიება ალტერნატიული, მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ახალგაზრდა მეწარმეების პოპულარიზაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში სამეწარმეო სულისკვეთებას აღვივებს და ხელს უწყობს მათ ადგილზე აწარმოონ ხარისხიანი და მიმზიდველი პროდუქცია.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ 16-მდე სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე დამწყები და წარმატებული მეწარმეები, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარები, რომლებსაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია და დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.
გამოფენა-გაყიდვაში წარმოდგენილი იქნება პროდუქცია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ხის ნაწარმის, კერამიკის, მინანქრის, ტყავის, ავეჯის, სახლის დეკორის, თავის მოვლის საშუალებების, სურსათის, კვების, ონლაინ ბიზნესისა და სამკაულის ინდუსტრიებიდან.
ღონისძიება სტუმრებს შაბათ-კვირის განმავლობაში 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე წერეთლის გამზ. #118-ში უმასპინძლებს.