კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატის შესაძლებლობას კონსტიტუცია არ უშვებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კობახიძე პრეზიდენტს მადლობას უხდის კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებით მის მიერ შეთავაზებული ფორმატისთვის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილის წინადადება მოქმედი კონსტიტუციის ლოგიკის საწინააღმდეგოა. მისი განმარტებით, პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატის თანახმად, ის დომინირებდა კანონშემოქმედებით პროცესში, რის შესაძლებლობასაც საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის ფორმატი არსებითად საპარლამენტო ფორმატი უნდა ყოფილიყო.
”2013 წლამდე პრეზიდენტს ჰქონდა ზოგადად საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების უფლება. 2010 წლის ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პრეზიდენტს ეს უფლება აღარ აქვს. გამომდინარე აქედან, მას არა აქვს უფლება ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში. ეს არის პრინციპული დებულება, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.