საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 დეკემბრის საჯარო სხდომაზე განიხილა შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების შესახებ, კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი.
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ენგურჰესისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა - 1.496 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ტარიფი - 2.880 თეთრი/კვტსთ-ით. (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე) ტარიფები ძალაშია 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დათვლა 2006 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა.
შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების გაანგარიშებისასკომისია ხელმძღვანელობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
შპს „ენგურჰესისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდა კომისიის ვებ გვერდზე http://gnerc.org/ge/public-information/public-works/sajaro-warmoeba/19401
შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფის დადგენის მიზნით კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 3 ნოემბერს დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდა კომისიის ვებ გვერდზე: http://gnerc.org/ge/public-information/public-works/sajaro-warmoeba/19638
შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენის მიზნით, კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების მიმდინარეობისას დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებები წარდგენილი არ ყოფილა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ კომისიაში მიმდინარე სხდომები საჯაროა, სადაც საჯაროდ ხდება კომისიის დეპარტამენტების მიერ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროექტების წარდგენა და კომისიის წევრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დაესწროს სხდომას და გამოთქვას მოსაზრება. გარდა ამისა, კონკრეტულ საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას, რომლის შესახებაც ინფორმაცია განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე www.gnerc.org, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარადგინოს მოსაზრება წერილობითი ფორმით. დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.