მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას. მისი განცხადებით, სამომავლოდ მთავრობა გეგმავს ბიზნესის ამ მიმართულების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებას.
„ყველა ის პროგრამა, რომლის იმპლემენტაციაც ჩვენ განვახორციელეთ, მიმართულია იქითკენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს განვითარების საშუალება, მათ ჰქონდეთ წვდომა როგორც ფინანსებთან, ისე ინფრასტრუქტურასთან და ტექნიკურ დახმარებასთან. ჩვენ ამ მიმართულებით მომავალშიც ძალიან აქტიურები ვიქნებით," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დაემატება დამატებითი კომპონენტები, რაც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი იქნება.