საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას მხარს კვლავაც დაუჭერს.
მან სასამართლოს ვენეციის კომისიის ფორმატში, სამართლებრივი მხარდაჭერა აღუთქვა. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ასევე, გამოთქვა მზადყოფნა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესში მონაწილეობის შესახებ, რომელსაც 2017 წლის ივნისში ბათუმში უმასპინძლებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასევე, სიტყვით გამოვიდა ვენეციის კომისიის 109-ე პლენარულ სხდომაზე. მან ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის მნიშვნელობაზე და ვენეციის კომისიის სამდივნოს ეფექტური ჩართულობისა და დასკვნის უმოკლეს ვადებში მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.
ზაზა თავაძემ ხაზი გაუსვა ვენეციის კომისიის მნიშვნელოვან როლზე წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცების საკითხში, მით უფრო დღეს, როდესაც კონსტიტუციური მართლმსაჯულება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის მრავალ ქვეყანაში.
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, ვენეციის კომისიასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.