მორიგი მკვლელობა კახეთში. მკვლელობა მოხდა თელავის რაიონის სოფელ წინანდალში. 29 წლის ელენე შიუკაშვილი ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მათ ცოლ-ქმარს შორის რაიმე დაპირისპირებაზე არაფერი სმენიათ.
"კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და რა მოხდა წუხელ, არ ვიცით. ხმაურზე გამოვედით და დაჭრილი ქალი რომ დავინახეთ, სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, თუმცა საავადმყოფოში მიყვანისას ელენე უკვე გარდაცვლილი იყო", - აცხადებს ნუნუ შიუკაშვილი.
მეზობლების თქმით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მომხდარიდან ცოტა ხანში ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა. 31 წლის მამაკაცი ამ დროისთვის თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას თელავის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.