იუსტიციის მინისტრი „OGP“-ის ფარგლებში მაღალი რანგის ღონისძიებებში მონაწილეობას აგრძელებს. თეა წულუკიანი ამჯერად მომხსენებელი იყო შეხვედრაზე, რომელიც ღია მმართველობის რეფორმების კოორდინაციასა და სწორ მართვას ეხებოდა. ღონისძიების მონაწილეებს მინისტრმა საქართველოს წარმატებული მაგალითის გათვალისწინებით ეროვნულ დონეზე ღია მმართველობის პროცესების მართვის შესახებ უამბო.
საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვასა და ღია მმართველობის გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მუდმივ მონიტორინგს. სწორედ ამ ყველაფრის შესახებ ისაუბრა მინისტრმა და დამსწრე საზოგადოებას გამოცდილება გაუზიარა.
„OGP“-ის გლობალური სამიტი 2016 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა და 9 დეკემბერს შემაჯამებელი პლენარული სხდომით დაიხურება.