"პირველ რიგში არ მინდა არანაირი კომენტარი გავაკეთო ევროკავშირის ინსტიტუტების შიგნით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და დისკუსიაზე. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ წერილით რომელიც გასაჯაროვდა, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას, როგორც ევროპული ინსტიტუტებისთვის, ასევე ზოგადად ევროპული პოლიტიკისთვის."- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დონალდ ტუსკის წერილის კომენტირებისას.
მისი განცხადებით ეს ასევე დადასტურდა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, სადაც ცალსახად დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. "საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს წარმოადგენს ევროპული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. დარწმუნებული ვარ ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერით და ინტერესით ეს პროცესი მალე დასრულდება"-აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი და როგორც მიხეილ ჯანელიძემ დასძინა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან გამართული შეხვედრების დროს, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხის პარალელურად განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ვიზალიბერალიზაციაა და საქართველოს ამ პროცესში აქვს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა.