ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ,,ნდობის ჯგუფში“ შესვლა არ სურს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ფრაქციამ სხვა კანდიდატურა წამოაყენოს.
„ნდობის ჯგუფში” და საერთოდ ნდობაში ადამიანთანაც არ მომწონს შესვლა, არ მაინტერესებს ის შენი “სეკრეტები”, შენი საიდუმლოებები, არც სხვა საიდუმლოებები მაინტერესებს. ეს არც ადრე მაინტერსებდა და ადრეც არ ვიყავი დაშვებული საიდუმლო მასალებთან, მიუხედავად იმისა, რომ მიმართულების სარდალი და გუბერნატორი ვიყავი. რატომ არ მიშვებდნენ მაშინ? იმიტომ რომ თვალს მოვკრავდი იმას, როგორ აპირებდნენ ჩვენი ტერიტორიების გასხვისებას და არ დავანებებდი“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, ფრაქციამ “ნდობის ჯგუფში” ირმა ინაშვილის კანდიდატურა წამოაყენოს, რასაც მხარს დაუჭერს.
რაც შეეხება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობას, ემზარ კვიციანი არ აკონკრეტებს იქნება თუ არა მისი კანდიდატურა კიდევ ერთხელ წამოყენებული.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჩემთვის პრინციპული არ იყო. ჩემთვის პრინციპული იყო რეგიონალური კომიტეტი, მაგრამ იქ რატომღაც ჩემმა წარდგენამ დააგვიანა. მე ვარ სამხედრო კაცი, ადამიანი, რომელიც დიდხანს ვიცავდი ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენს ქვეყანას, ვიცავდი იმ რუსეთისგან, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტერიტორიები ხონჩით გადასცა“, - განაცხადა კვიციანმა.