თბილისში, 31 დეკემბრის ღამეს საახალწლო გალა-კონცერტისთვის მომღერლები ტენდერით არ შეირჩევა, - ამის შესახებ თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ტენდერი საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გამოცხადდა მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში.
„ტენდერი გამოცხადდა ტექნიკურ ნაწილში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, აქ ტენდერის გამოცხადება არ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, რადგან მომღერლის ტენდერით შერჩევა არც თუ ისე სახარბიელოა ფასიდან გამომდინარე”, - განაცხადა ია მაქაცარიამ.
მისივე თქმით, დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება და ორი ლოკაცია გაიხსნება, ეს იქნება დედაენის ბაღი და განახლებული აღმაშენებლის გამზირი.
„სიახლე არის ის, რომ არც ერთი ლოკაცია არ საჭიროებს გზის გადაკეტვას და მოსახლეობას არ შეექმნება შეფერხება. 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით არაერთი ღონისძიება გაიმართება, არაერთი კულტურული თუ სხვა ტიპის კონცერტი, არტ სივრცე და საახალწლო ბაზრობა მოეწყობა. გალა კონცერტი, 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, ეს იქნება სრულიად ახალი სიმღერები, რომელსაც შექმნიან ქართველი კომპოზიტორები. ეს კომპოზიტორები არჩევენ არა მხოლოდ მომღერლებს, არამდე არანჟირებისა და ტექსტის ავტორებს, მათ მიერ შერჩეული ეს თანამშრომლობა შექმნის გალა კონცერტს”, - განაცხადა ია მაქაცარიამ.
მისი თქმით, თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის მილიონ 487 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო საახალწლო გალა კონცერტისთვის, რომელიც "ვარდების მოედანზე" გაიმართება, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 227 ათასი ლარი გამოიყოფა.