ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარემ და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაშიმუდმივმოქმედი დელეგაციის მომავალმა ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ სტრასბურგში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში, ვიდეო ჩართვის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა.
ბიუროს სხდომაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების დელეგაციის ხელმძღვანელები, ევროპარლამენტის მხრიდან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი, ჰეიდი ჰაუტალა და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ.
ბიუროს წევრებმა ასამბლეის რეფორმის სცენარზე იმსჯელეს, რომლის მიხედვით ინსტიტუტმა თავისი საქმიანობა უფრო ეფექტიანად უნდა განახორციელოს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი ამოცანების ხელშეწყობა, ევროინტეგრაციული პროცესების განვითარება და ამ გზით მოქალაქეთა ინტერესების დაცვა უკეთ შეძლოს.
პარტნიორებმა კმაყოფილება გამოთქვეს, ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებში, აზერბაიჯანის მონაწილეობის განახლების გამო. სხდომაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ბელორუსის დაბრუნების პერსპექტივებზეც იმსჯელეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის როტაციული თავმჯდომარეობა, აღმოსავლეთის კომპონენტიდან, საქართველოს შემდეგ მოლდოვის პარლამენტს გადაეცა.
ბიურომ, ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო)წარმომადგენლებისგან, საქართველოს, ბელორუსის და ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნების ასევე, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ შეფასებები მოისმინა.
მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებში დაიწყება ანგარიშების მომზადება ევროკავშირში და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასებისთვის, ახალგაზრდობის უმუშევრობის შემცირების, 2015 წლის პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმების განხორცილებასა და შრომის ბაზარზე ქალთა დასაქმების მდგომარეობის შეფასების მიმართულებით.