ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 მლნ. 673 ათას 200 ლარით იზრდება. 2017 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დეპარტამენტის დაფინანსება 7 მლნ 496,5 ათასი ლარი იქნება, ეს იმ ფონზე, როდესაც უწყებას 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით 5 მლნ 823,3 ათას ლარს შეადგენდა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2017 წლისთვის, აჭარაში ტურიზმის დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობისთვის 1 346 000 ლარის, ხოლო ტურისტული პროდუქტებისა და სერვისის განვითარებისთვის 986 500 ლარის დახარჯვა იგეგმება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი 5 მლნ 425 ათასი ლარი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე რეკლამირებისთვის დაიხარჯება.
1 000 000 ლარით იზრდება რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებისთვის გამოყოფილი თანხა. 2017 წლისთვის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნების რაოდენობის გაზრდას 11-დან 15 ქვეყნამდე გეგმავს. ახალ სამიზნე ქვეყნებად სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და ბალტიის ქვეყნების დამატება იგეგმება. ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტის რეგიონის რეკლამირებას 11 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს (თურქეთი, ისრაელი, ბელორუსია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო).
დეპარტამენტი 2017 წლისთვისაც გააგრძელებს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხით მიმდინარე წელს დაწყებულ ახალ პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, რომლის ფარგლებშიც ხარიხის ნიშანი პროექტში ჩართულ ტურისტულ ობიექტებსა და გიდებს გადაეცემათ. ასევე, გაგრძელდება ტრენინგები რეგიონში არსებულ ტურისტულ ობიექტებში დასაქმებული კადრებისთვის, რაც აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სულ აღნიშნული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 59 500 ლარი დაიხარჯება. 2017 წელს, ასევე გაგრძელდება მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის მქონე ობიექტების წახალისების პროექტიც, რომელიც ტურიზმის რეგიონალური ფორუმის „მაგნოლია 2017“-ზე საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტების დაჯილდოვებას ითვალისწინებს.
2017 წელს, ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც განთავსების არარეგისტრირებული სექტორის კვლევასა და შიდა ტურიზმის კვლევას ითვალისწინებს. 2017 წლისთვის სიახლე იქნება რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსებისა და კვების ობიექტების აღწერა. სულ, აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 145 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
დეპარტამენტი 2017 წელს კვლავ ჩაატარებს შემოდგომისა და ფრინველების ფესტივალებს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სეზონის გახსნის ღონისძიების ორგანიზებაში. გაზრდილი ბიუჯეტით განახორციელებს ეკო და სოფლად ტურისტული პროდუქტების განვითარებას, გააგრძელებს ტურიზმის დარგში მომსახურე პერსონალის უფასო გადამზადებას. 2017 წლისთვის, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას გეგმავს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 50 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.