რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან ამ წლის დასაწყისიდან და მათი მხრიდან გაცემული ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენ ვერ დავაძალებთ რუსეთს, კიდევ უფრო გაამარტივოს ან საერთოდ მოხსნას. ეს მათი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა, ოფიციალური მოსკოვი აქტიურად მსჯელობს სავიზო მიმოსვლის გამარტივებაზე.
„რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან ამ წლის დასაწყისიდან და მათი მხრიდან გაცემული ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენ ვერ დავაძალებთ რუსეთს კიდევ უფრო გაამარტივოს ან საერთოდ მოხსნას. ეს მათი გადასაწყვეტია. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება, მაგრამ თუკი მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი წინსვლა, პროგრესი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
“რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მოსკოვმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი უნდა გაითვალისწინოს.
ამასთან, კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის.
კარასინის თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობების ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეუძლებელია.