აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 23,1%-იანი, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 38,8%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვარ-ოქტომბრის გეგმა 128 მლნ 383 ათას 500 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 178 მლნ 152 ათას 500 ლარი, ანუ 138,8% შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 10 თვის მონაცემებით, 135,1 %-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 202,9 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 140,3%-ით.
რაც შეეხება 10 თვის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 206 მლნ 174 ათას 600 ლარი იყო, თუმცა გეგმა 23,1 %-ით გადაჭარბდა და 253 მლნ 863 ათას 300 ლარი შეადგინა. საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 24,7%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 19,9%-იანი გადაჭარბებით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 14,6%-იანი გადაჭარბებით შესრულდა.
რაც შეეხება თვითმართველ და მუციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი - 92,6%-ი, ქობულეთი - 136,8%-ი, ხელვაჩაური - 91,1%-ი, ქედა - 113,8%-ი, შუახევი - 133,5%-ი და ხულო - 118,3%-ი.