საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს ეწვია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (International Trade Center) დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის პროგრამების კოორდინატორის ხელმძღვანელობით. საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციასთან (UNCTAD) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WTO).
ITC დელეგაციის საქართველოში ვიზიტი რამდენიმე მიზანს ემსახურება, კერძოდ: საქართველო სრულფასოვნად ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ექვსი ქვეყნისთვის შემუშავებულ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამაში, რომლის დაწყება დაგეგმილია 2017 წლის გაზაფხულიდან; საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ისეთი პროექტების განხორციელება და ხელშეწყობა, რომლებიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო საწარმოების იმგვარად განვითარებას, რომ შესაძლებელი გახდეს მათი მაქსიმალური ჩართვა საერთაშორისო სავაჭრო ქსელში; ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღებული შესაძლებლობების გამოყენების ხელშეწყობა; საქართველოში ისეთი ახალი საექსპორტო პროდუქციის იდენტიფიცირება, რომელსაც მომავალი 2-3 წლის პერსპექტივაში გააჩნია ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პოტენციალი და მისი წარმოების ხელშეწყობა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ITC-ს დელეგაციის შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებთან, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.