„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიგი წერეთელის შეფასებით, არჩევნების მეორე ტური იყო ,,სახელისუფლებო სპეცოპერაცია“. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე ისაუბრა პარლამენტის ქუთაისში დარჩენაზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს ქუთაისი.
,,პირველი განცდა, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს, ეს არის მადლიერება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. განსაკუთრებით მეორე ტურზეა საუბარი, როცა გაათმაგებული იყო ყველა ის რესურსი , რომელიც ჰქონდა ხელისუფლებას და ვიტყოდი, რომ პრაქტიკულად ეს იყო სახელისუფლებო სპეცოპერაცია, რომელიც კარგად იყო ორგანიზებული. მიუხედავად ამისა, ათასობით ქუთაისელმა დაუჭირა მხარი ჩვენს გუნდს და მადლობა თითოეულ მათგანს.
რაც შეეხება მთავარ შედეგს ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, ერთი მთავარი გზავნილით ვაწარმოებდით კამპანიას ქუთაისში, რომ ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო ცენტრი. ამ მხრივ ვარ კმაყოფილი, რადგან ამ ბრძოლამ მოიტანა შედეგი და ხელისუფლება აიძულა არჩევნების მეორე ტურის წინ გაეკეთებინა განცხადება, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა არ იგეგმება. თუმცა ჯერ დაზუსტებული არ არის, რა დროით. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ქუთაისს სჭირდება პერპექტივა, სწორედ პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს ქუთაისში,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.