საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთ საკოლექციო დანიშნულების მონეტას გამოუშვებს. როგორც სებ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა, აღნიშნული მონეტა ვერცხლის იქნება და ის ბორდოში დაგეგმილ ღვინის საერთაშორისო გამოფენას მიეძღვნება.
„2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, სადაც საქართველო პირველ საპატიო სტუმრადაა მიწვეული. ამ ღინისძიების მხარდაჭერის მზინით სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოუშვას 5 ლარიანი ვერცხლის, საკოლექციო დანიშნულების მონეტა, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას“, აღნიშნა სებ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გიორგი მელაშვილის განმარტებით, უახლოეს პერიოდში მონეტის დიზაინის შესარჩევად სპეციალური კონკურსი გამოცხადდება. დიზაინის შერჩევის შემდეგ კი მის მოჭრაზე ის იზრუნებს, რომელიც საერთაშორისო კონკურსის გზით მოიპოვებს აღნიშნულ უფლებას.
2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოეწყობა. ღონისძიება საქართველოს, როგორც ღვინის კულტურისა და უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ გამოფენათა ციკლს გახსნის.
ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოფენის წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნება. მასშტაბური კომპლექსის აშენება ქალაქ ბოროდს მერის, ალან ჟუპეს ინიციატივას წარმოადგენს. ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ნაკლებად იქნება წარმოდგენილი მუზეუმისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ნაწილი. აღნიშნული ცენტრი, რომელიც 14 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განლაგებული, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებით იქნება გამორჩეული. ცენტრში წარმოდგენილი იქნება დარგში არსებული უახლესი მიღწევები.