საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ საზოგადოებას არჩევნების 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს.
„საქართველოში შედგა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომელის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი. თქვენი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისათვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მედიას აქტიურობისთვის.
„თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა.
„მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება არამედ იწყება. შესაბამისად მოგიწოდებთ, ყველას აქტიურები იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2016 წლის არჩევნების წარმატებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.