საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც აღინიშნა, მიმდინარე მოვლენების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოების თემა. ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შავ ზღვაში ნატო-ს წარმომადგენლობის ზრდას ითვალისწინებს, საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების დამატებითი შესაძლებლობაა. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა პროცესში საქართველოს სათანადო ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
„ნატოს გადაწყვეტილება გაზარდოს ალიანსის წარმომადგენლობა შავ ზღვაში შეცვლის უსაფრთხოების გარემოს რეგიონში. ჩვენი მიზანია, ამ პროცესში აქტიური მონაწილეობის გზით, მივაღწიოთ საქართველოს უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას. რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილება საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს მტკიცე ნება გახდეს ევროპული უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.
დავით რაქვიაშვილის და უილიამ ლაჰიუს შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა დარსალია და ნატოს სამოკავშიროე ოფისის პოლიტიკური ოფიცერი თორსთენ დერიკი.