სააგენტო allmedia-ს მიერ აკრედიტებული მოხალისეების რაოდენობის გაზრდის მიზანი შესაძლოა, არეულობის შემოტანა და ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა იყოს, - ამის შესახებ მთაწმინდის მაჟრიტარობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„მთაწმინდის უბნებზე არჩევნების დღეს გარკვეული შფოთვა უკვე შევამჩნიეთ, სადაც ამ მედიასაშუალების წარმომადგენლები კამერებით იყვნენ. მათ შორის - ცნობილი ჟორიკა. მეორე ტურში, არჩევნების დღეს მათ ბევრად ნაკლები საშუალება ექნებათ, მაგრამ ჩემი განცხადება პრევენციული ხასიათის იყო, რომ ამის შესახებ ყველას სცოდნოდა. პირველ რიგში, ეს კომისიის თავმჯდომარეების მიმართ იყო მიმართული, რომ პასიურად არ იყვნენ, საჭირო ზომები მიიღონ და უბანზე ამ სააგენტოს 3 წარმომადგენელზე მეტი არ შეუშვან. ის, რომ მათ ამდენი აკრედიტაციის მიღების უფლება აქვთ, კანონის ხარვეზია, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, 50%-იანი ბარიერი დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„მთაწმინდაზე ხმების რაღაც რაოდენობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაყალბდა, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც გვაქვს. ალბათ, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მე იმ 50%-სთვის არ მიმეღწია, რაც ყველა გამოკითხვის მიხედვით მქონდა. ამის მიუხედავად ვთვლი, რომ 50%-იანი ბარიერი დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია. გარკვეული ხარვეზები გვაქვს, მაგრამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა მთაწმინდის მაჟრიტარობის კანდიდატმა.
როგორც მან აღნიშნა, მაჟორიტარულ არჩევნებში ამომრჩევლის ნება უფრო კარგად გამოიხატება, ვიდრე პროპორციულში.
„მე მაჟორიტარული არჩევნების მომხრე ვარ, რადგან პარტიული სიით წარდგენილი დეპუტატები ამომრჩევლისგან ბევრად უფრო ჩამოშორებული არიან. მათ შორის დისტანცია არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში პარტიული სტრუქტურები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ამომრჩევლის ნება. ეს ჩემი პოზიციაა. არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც და ამ საკითხზე მსჯელობა აუცილებელია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.