"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებს შეისწავლოს ის ვიდეო მასალა, სადაც საარჩევნო უბანზე იკვეთება არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული. ლევან ვარშალომიძემ მედიას ვიდეოც წარუდგინა. მისივე თქმით, ვიდეოში ჩანს თუ როგორც უღებს ფოტოს ან ვიდეოს ერთ-ერთი დამკვირვებელი საარჩევნო უბანში კაბინაში შესულ ამომრჩეველს კაბინის ზემოდან.
,,გასაჯაროებულ კადრებში, არსებობს რამოდენიმე ფაქტი, რომლითაც პროკურატურა, ჩვენი მიმართვის ან საჩივრის გარეშე უნდა დაინტერესებულიყო, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ვიდეო მასალებით მივმართოთ პროკურატურას, მოვითხოვოთ ამ ორგანოს დაინტერესება, რათა მოხდეს სამართლებრივი ზომების მიღება. საჩივარში, რომელიც შეგვაქვს პროკურატურაში, გარდა ვიდეო კადრებისა, მოყვანილია ფაქტები, რომლის დოკუმენტური დამადასტურებელი მტკიცებულებები დედანის სახით ინახება ოლქში, რაზეც ჩვენ, პოლიტიკურ ორგანიზაციას ხელი არ მიგვიწვდება, თუმცა პროკურატურას აქვს უფლება გამოითხოვოს მასალები, შეისწავლოს იგი და მისცეს სამართლებრივი შეფასება", - აღნიშნა ვარშალომიძემ.