კომპანია "თელასმა" 2016 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. შედეგად ირკვევა, რომ 9 თვის მონაცემებით კომპანია "თელასმა" 2 008 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12,8% (227,8 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2015 წლის ცხრა თვის მოხმარების მოცულობას (1 780,2 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
2015 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2016 წლის იგივე პერიოდში 14,1%-ით (237,7 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 927 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.
სს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2016 წლის ცხრა თვეში 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2,5%-ით (13,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 572,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 517,7 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 54,6 ათასი – იურიდიური პირი.
2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 012 კმ შეადგინა, რაც 5%-ით (238 კმ-ით) აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 774 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.