ქუთაისიდან 7 ახალი ავიარეისის დანიშვნასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებში აქტიური მარკეტინგული კამპანია დაიწყო. ადმინისტრაციამ ავიაკომპანია Wizzair-თან ერთად ბერლინსა და მიუნხენში ღონისძიებები ჩაატარა.
ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ 15-20 წუთიანი პრეზენტაცია გამართა, რომელსაც 40-ზე მეტი გავლენიანი ტუროპერატორი დაესწრო. პრეზენტაციას გერმანიის მაღალრეიტინგული ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ მათ შორის Reise Gala, VIP Reise Magazin, Neues Deutschland, BurdaLife, ა.შ.
ღონისძიებების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული კერძები და ღვინო დაეგემოვნებიათ.
პრეზენტაციის მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებაა.
23 სექტემბრიდან ავიაკომპანია Wizzair-მ ქუთაისიდან ბერლინის, დორტმუნდის, მემინგენის, (მიუნხენი) ლარნაკას,მილანის, სოფიასა და სალონიკის მიმართულებით ახალი პირდაპირი ავიარეისები დანიშნა.